saqarTvelos mdinareebi - WurTa
ტერიტორიული ერთეულები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ხარულის ქედი 42°22`58` ჩ. გ. 44°25`33` ა. გ. |
შესართავი | ქსანი 42°15`53` ჩ. გ. 44°29`13` ა. გ. |
სიგრძე | 18 კმ |
აუზის ფართობი | 106 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2.23 მ³/წმ |
მდინარე საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, ქსნის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2373 მ. სიგრძე 18 კმ. აუზის ფართობი 106 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა და არამდგარი წყალმცირობა. საშუალო წყლის ხარჯი შესართავთან 2,23 მ³/წმ.
სახელწოდება "ჭურთა" სავარაუდოდ წარმოსდგება ქართული სიტყვისაგან "ჭური". აღსანიშნავია, რომ ქართულ ისტორიულ წყაროებში დაცული ცნობების თანახმად, ქსნის ერისთავები ბარიდან ატანილი ყურძნით ღვინოს ჭურებში ამზადებდნენ. ამგვარი მარნები ჭურებითურთ მოწყობილი იყო ლარგვისის მონასტერში და ჭურთის ხეობაში რამდენიმე ადგილას. ასევე აღმოჩენილია ყურძნის წიპწებიც.
ჭურთა ულამაზესი ხეობაა. ჭურთის ხეობაში განლაგებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი შემდეგი სოფლები: ლარგვისი (ნაწილობრივ), მოჭალიეთი, გავაზი, დორეთკარი. ჭურთისა და ქსნის შესართავთან მდებარეობდა სოფელი საქორეთი, რომელიც ამჟამად დაცარიელებულია. ჭურთის ხეობაში ძირითადად ორი გვარი მოსახლეობს: ილურიძეები და შერმადინები. ჭურთის ხეობაში გვხვდება მინერალური სამკურნალო წყლები. ჭურთისა და ქსნის შესართავთან განლაგებულია ლარგვისის სამონასტრო კომპლექსი: ეკლესია, ციხე-გალავანი ერთი დიდი და რამდენიმე მცირე კოშკით, ასევე სხვადასხვა სამონასტრო ნაგებობები.